14/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა “აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი დაიწყო.
„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გუნდს აცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს.
მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობები, რაც ხელს უწყობს სტანდარტების გაანალიზებას და სამუშაო პროცესში დანერგვას.
ტრენინგებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე „აკრედიტაცია კანადის“ მრჩევლები – ალესანდრო ბურიანი და გიორგი ფხაკაძე ატარებენ.
სამუშაო პროცესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციას მიიღებს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია "აკრედიტაცია კანადას" აღმასრულებელ დირექტორთან კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ლინკი:
Comentarios