26/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა:
„საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. ეს შეიზღუდება და ინ ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული“.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.
„კანონი საკმაოდ მნიშვნელოვანია და არ ეხება მხოლოდ სუროგაციას, ეს ეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებას. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი არის შესაბამისად მომზადებული ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ.
ეს მნიშვნელოვანია დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ამ მეთოდით შესაძლებელი თუ იქნება მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, ჩვენ ვუშვებთ ამ შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ხშირ შემთხვევაში გვქონდა მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, სამწუხარო ფაქტები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერების, ისე სუროგაციის შემთხვევაში, ასვე დიდი რისკები ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით.
არის სპეკულაციები, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში რაღაც კანონმდებლობა არსებობს, ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება, ამის მიუხედავად, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში. იქ, სადაც ამ ბავშვის გაშვილების, რეალურად, გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ, სადაც, სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა.
ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც აზარაშვილმა განაცხადა, შესაძლოა, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილონ.
„ჩვენ ორშაბათს გადავაგზავნეთ პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სპეკულაციაა ამ თემასთან დაკავშირებით, მითქმა-მოთქმა, განსჯა, სხვადასხვა ტიპის არასასურველი ქმედება, ტექნიკურად თუ შესაძლებელი იქნება, შევეცდებით, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განვიხილოთ, რადგან ძალიან სენსიტიური საკითხია“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები.
გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხზე რეკლამის აკრძალვასაც.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდა მნიშვნელოვანია მოხდეს დროულად, რადგან ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გვექნება მათი აღსრულების ოპერატიული მექანიზმები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.
12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments