15/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

შარშან ამ დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის.
„საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის. ბევრი მიდის, ბევრმა, ვისაც ჩამოსვლა უნდოდა, გადაიფიქრა;
მაგალითად, სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში არსებული უაზრო ჯანდაცვის სისტემის მძევალია. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, საქართველოში არის ჯანდაცვის უსისტემობა.
მაგალითად, მისასალმებელია, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ 2025 წლისთვის? 2024 წელს არჩევნებია და აკრედიტაცია არჩევნების შემდეგ გადავდეთ? ანუ სათქმელი რომ გქონდეთ - თუ გინდათ, გაგიკეთებთ, თუ ვერ აგვირჩევთ, როგორ გავაკეთოთ?!
თუ აკეთებთ, დროულად გააკეთეთ. გიორგი ფხაკაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი კარგა ხანია, დაიწყო, არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება;
აგერ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გეუბნებათ, აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია, მხოლოდ ხელი არ შეუშალოთ. მე ყოველთვის გამოვძებნი დროს, ღამეც ვიმუშავებ, ოღონდ ეს საქმე გავაკეთოთ.
მადლობა მათ, ვინც ბატონ მინისტრს ეს რჩევა მისცა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია 2024 წელს კი არა, ახლავე უნდა დაიწყოს. ეს სისტემა უკვე აწყობილია, გაუმჯობესება პროცესის თანმდევია და ყოველთვის იქნება.
სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დროზე დავიწყოთ, თორემ გამოვა, რომ მხოლოდ კარგი იდეა გააპიარეთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში გადაწყვეტილებების უმრავლესობა ისედაც პიარზეა აწყობილი. საკითხები პიარულად წყდება და არა საგნობრივად.
ბატონო მინისტრო, მოგიწოდებთ, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია ახლავე დავიწყოთ.
გიორგი ფხაკაძის გარდა არის ბევრი პატრიოტი ქართველი, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს უანგაროდ აკეთებდნენ. აკეთებენ და გააკეთებენ. არ გვაქვს არანაირი ინტერესი, არც ფინანსური, არც ტექნიკური, არც თანამდებობრივი, არც კორუფციული. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა რომ გვტკივა, ამიტომ გვინდა, სასარგებლო საქმე გავაკეთოთ
რაც შეეხება აკრედიტაციას, ვიცი, ვიღაცეები აქედანვე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ამ პროცესზე ფული. 2025 წლამდე „სქემებს“ დააწყობენ. მე ვერაფერს გამომაპარებთ.
ასევე ქვეყანაში პრობლემაა უწყვეტი სამედიცინო განათლება. ექიმმა წელიწადში უწყვეტი სამედიცინო განათლების 50 საათი უნდა გაიაროს, ექთანმა - 25.
მარტივ მაგალითს გეტყვით, როგორი კორუფციული სქემაა საქართველოში: სამედიცინო ასოციაციამ აკრედიტებული ტრენინგი რომ ჩაატაროს, თანხმობის პროცედურა ერთ დარგზე 1000 ლარი ჯდება. თუ მულტიდარგობრივი ტრენინგი ტარდება, მაგალითად, მედიცინის 10 სხვადასხვა მიმართულებაში, 10 000 ლარი დაჯდება. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდია? სინამდვილეში სახელმწიფომ ფული კი არ უნდა გამოართვას, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს ასეთი ტრენინგების ჩატარებას.
მე სახელმწიფოს შევთავაზე სამედიცინო კურსების უფასო აკრედიტაცია. ამის გამო ბევრი ვერ მიტანს. ექიმი კი არ უნდა იხდიდეს ფულს ტრენინგში, პირიქით, მის პროფესიულ განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს.
ზოგადად, საქართველოში რატომღაც ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით თავის მოტყუების რეჟიმში, მით უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება თქვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული;
რაზე ვგიჟდები, იცით? პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, ხალხი კარტოფილზე გაიყიდაო. არასდროს გიფიქრიათ, ეს ხალხი კარტოფილზე რატომ იყიდება? იმიტომ, რომ ის კარტოფილი არა აქვს.
ერთი პარტია რომ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და მეორე - 10, პრობლემები კი იგივე რჩება. ესაა მთელი უბედურება, რომ სახელმწიფოში იდეა არ არის. დაკარგულია იდეა, რომ ავაშენოთ ძლიერი საქართველო.
ჩვენ ინდივიდუალისტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ადამიანი სახელმწიფოს სიძლიერეს საკუთარ თავზე უნდა გრძნობდეს. მე, როგორც მოქალაქეს, მინდა, ჩემი სახელმწიფო იყოს ძლიერი. ადამიანი უნდა ხედავდეს, რომ ეს ქვეყანა მისთვის კომფორტულია, აქ რომ ცხოვრობს, მისთვის მუშაობაც „საკაიფოა“, ცხოვრებაც, დროსტარებაც, ფულის ხარჯვაც და ფულის შოვნის საშუალებაც არის. მე მინდა, საქართველო იყოს ასეთი „საკაიფო“ და მაგარი ქვეყანა.
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments