top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რას წარმოადგენს მიოკარდიტი და რამდენად საშიშია ის ჩვენთვის?

05/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ორგანიზმში პათოგენური აგენტების მოხვედრისას იმუნური სისტემა აქტიურდება და მის გასანადგურებლად წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რათა თავიდან აგვარიდოს მათგან გამოწვეული ზიანი. როცა ჩვენი იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ან მავნე მიკროორგანიზმი თუ ვირუსი მეტად აგრესიულია, ორგანიზმი ვერ ახდენს სათანადოდ შეებრძოლოს მას. შედეგად კი ვითარდება მათგან გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები და გართულებები. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის ერთ-ერთი გართულებაა მიოკარდიტი.

რას წარმოადგენს მიოკარდიტი და რამდენად საშიშია ის ჩვენთვის? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მოზრდილთა კარდიოლოგი ნინო ჯანაშია.

მიოკარდიტი არის დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) ანთებას.

მიოკარდიუმი, გულის კუნთოვანი, ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანი შრე, პასუხისმგებელია ამ ორგანოს შეკუმშვა-მოდუნებაზე, რაც გულში და მასთან ერთად მთელ სხეულში სისხლის ცირკულაციას უზრუნველყოფს.

გულის კუნთში მიმდინარე ანთებითი ცვლილებები გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას იწვევს, შედეგად დიდდება და სუსტდება გულის კუნთი, წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რაც შეკუმშვის უნარს ამცირებს და გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება სხეულისთვის სისხლის ადეკვატურად მიწოდებისთვის.

მსოფლიოში ყოველწლიურად მიოკარდიტის, დაახლოებით, 1,5 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. ყოველი 100 000 ადამიანიდან 10-დან 20-მდე ადამიანი ავადდება. მიოკარდიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს: ახალშობილს, ბავშვს, მოზარდს, ხშირია ახალგაზრდებში 50 წლამდე.

კაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. ბავშვებსა და მოზარდებთან მიოკარდიტი უეცარი სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზია. განსაკუთრებით რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან იმუნოსუპრესირებული (დაქვეითებული იმუნური სისტემით) ადამიანები.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიტი?

ზოგჯერ მიოკარდიტის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა, უხშირესად მისი გამომწვევი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებია, ასევე სისტემური ანთებითი დაავადებები და ტოქსინები.

ვირუსები – რომლებიც ყველაზე ხშირად ასოცირდებიან მიოკარდიტთან: ადენოვირუსები (გრიპის გამომწვევი ვირუსები). კორონავირუსი COVID -19, კოქსაკის B ჯგუფის ვირუსები (ენტეროვირუსი); ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს); ციტომეგალოვირუსი; C ჰეპატიტის ვირუსი; ჰერპესვირუსი; პარვოვირუს B19; ექოვირუსები (იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციებს). წითურას ვირუსი. მიოკარდიტი ხშირია აივ/შიდსით დაავადებულ პაციენტებში. ვირუსული მიოკარდიტის სიმძიმე დამოკიდებულია ვირუსის სახეობაზე, მის ვირულენტობაზე, ტროპიზმზე (პირველი დაავადების გამოწვევის უნარს აღნიშნავს, მეორე კი – სამიზნე ორგანოს დაზიანების უნარს) და ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე.

ბაქტერია – მრავალ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს მიოკარდიტი, მათ შორისაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, დიფტერიის გამომწვევი ბაქტერია და ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერია.

პარაზიტები – ტრიპანოსომა კრუზი, რომელიც იწვევს ჩაგასის დაავადებას და გადაეცემა მწერების საშუალებით.

ტოქსოპლაზმა – ამ ტიპის მიოკარდიტი ხშირია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა, შესაძლოა შეგვხვდეს მოგზაურებში ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან მიგრირებულ მოსახლეობაში.

სოკოები – ზოგიერთი საფუარა სოკო, როგორიცაა კანდიდა, ობის სოკო, როგორიცაა ასპერგილუსი და სხვა სოკოები.

სხვა მიზეზებია იმუნური რეაქცია მედიკამენტებსა (ანტიბიოტიკები, პენიცილინის და სულფანილამიდის ჯგუფის, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები) და ტოქსინებზე: ჭარბ ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე(კოკაინი), მწერის, გველის ნაკბენზე, ვაქცინაზე, ქიმიური და რადიაციული თერაპიისთვის განკუთვნილ საშუალებებზე.

ასევე აღსანიშნავია სისტემური ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად: სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი, რომელიც შეიძლება უძღოდეს წინ მიოკარდიტს.

რა სიმპტომებით ვლინდება მიოკარდიტი?

მიოკარდიტის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან გამოხატული სპეციფიკური სიმპტომატიკა არ გააჩნია, ზოგჯერ კი, შესაძლოა სულაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მიოკარდიტის სიმპტომატიკა გარკვეულწილად დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე.

ყველაზე ხშირი სიმპტომი გულმკერდში ტკივილია, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს როგორც მოსვენების, ისე ფიზიკური აქტივობის დროს. გავრცელდეს ბეჭში, მხარში, ზურგში. ხშირად ტკივილი მსგავსია სტენოკარდიული შეტევის.

ასევე დამახასიათებელია გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილი, ცხელება ან სუბფებრილური ტემპერატურის ეპიზოდები. დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და შებერილობა).

არანამკურნალებ პირებში დაავადება დიდხანს და შეუმჩნევლად გრძელდება, რის შედეგადაც გულის კუნთის მნიშვნელოვანი დაზიანება ვითარდება და მოგვიანებით ვლინდება გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა: სისუსტე, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე, ზოგჯერ მოსვენებით მდგომარეობაშიც. ქვემო კიდურების, ტერფების, ხელის და ფეხის თითების, სახის შეშუპება, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (არითმია).

როგორ ხდება მიოკარდიტის დიაგნოსტიკა?

დიაგნოზის დასმისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზი. ახლო წარსულში გადატანილი დაავადებების, მათ შორის ვირუსული ინფექციის არსებობა, სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარება, გადატანილი ქიმიო თუ სხივური თერაპია, აუტოიმუნური დაავადებები, და ა.შ.

როდესაც ანამნეზი და სიმპტომები მიუთითებს მიოკარდიტის შესაძლო დიაგნოზზე, დამატებით ჩასატარებელი ტესტებია:

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);

  • ლაბორატორიული ანალიზები: კერძოდ, გულის ფერმენტები (კარდიოტროპონინი) და ანთებითი მარკერები;

  • ექოკარდიოგრაფია: საშუალებას იძლევა შეაფასოს გულის კუმშვადი ფუნქცია, გულის უკმარისობის ნიშნები;

  • გულის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება გულის კუმშვადი ფუნქციის შეფასების გარდა, იძლევა მიოკარდიუმის ანთების უბნების ვიზუალიზაციის საშუალებას. ასევე, სასარგებლოა მომდევნო თვეებში მიოკარდიუმის აღდგენისა და ზოგადად პროგნოზის შესაფასებლად;

  • არასტაბილურ პაციენტებში, გართულებული ფორმებით, ან თუ რაიმე კონკრეტულ მიზეზზეა ეჭვი, შეიძლება ენდომიოკარდიული ბიოფსია. ლაბორატორიული ანალიზისთვის ხდება გულის კუნთის მცირე ნაწილის შერჩევა;

  • ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს კორონაროგრაფიული კვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს კორონარული არტერიის დაავადება.


როგორ ვმკურნალობთ მიოკარდიტს?

მკურნალობა დამოკიდებული სიმპტომებზე და მათ გამომწვევ მიზეზზე.

თუ მიოკარდიტი ვირუსული წარმოშობისაა, დამატებით ინიშნება ანტივირუსული პრეპარატებიც. ანტიბიოტიკები, თუ მიზეზი არის ბაქტერიული ინფექცია. სისტემური დაავადების არსებობის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები, რათა დაითრგუნოს იმუნური სისტემის აქტივობა და შემცირდეს გულის კუნთის დაზიანების ხარისხი.

ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ტკივილგამაყუჩებლები. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ფიზიკური დატვირთვა, თუ სპორტს მისდევს პაციენტი, უნდა შეწყვიტოს ვარჯიში სამი-ექვი თვით.

ზოგჯერ შესაძლოა მიოკარდიტმა გამოიწვიოს გულის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია. ამ შემთხვევაში პაციენტს ვმკურნალობთ გულის უკმარისობის შესაბამისი მკურნალობით. არითმიების შემთხვევაში, მედიკამენტებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს პეისმეიკერის იმპლანტაცია.

პაციენტებში დილატაციური კარდიომიოპათიით, დეკომპენსირებული გულის უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის გადანერგვაც კი. ახალგაზრდებში უეცარი სიკვდილიანობის თითქმის 20% დაკავშირებულია მიოკარდიტთან.

თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს (ან მიმდინარეობს) ვირუსული ინფექცია, რასაც თან ახლავს მიოკარდიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ან მიეკუთვნება მიოკარდიტის განვითარების რისკ-ჯგუფს, აუცილებლად უნდა მიმართოს კარდიოლოგს. ვინაიდან ექიმთან დროული ვიზიტი, ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს. შესაბამისად, პროგნოზიც მეტად კეთილსაიმედოა.



ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი "აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს.

ლინკი:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


87 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page