top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

მეცნიერები გვაფრთხილებენ - დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს...

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

„ის გლობალურად ცვლის ევოლუციის მიმართულებას და ანგრევს იმ გარემო პირობებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის“, — გვაფრთხილებენ ეკოლოგები ახალ პუბლიკაციაში.


მათი განცხადებით, ეს შეუქცევადი საფრთხეა ჰომო საპიენსის ცივილიზაციის მდგრადობისა მომავალი გარემოს სიცოცხლისუნარიანობისთვის.


გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენება და მისი გამანადგურებელი შედეგები აშკარად შესამჩნევი გახდა.


ვიხილე ზღვის ფრინველთა მასობრივი დახოცვა, სანაპიროები გადაივსო გამორიყული, დახოცილი თევზით, ზღვის ლომები სიცხით გამოწვეული წყალმცენარეების გამრავლებამ მოწამლა. შარშან, პინგვინების მთელმა პოპულაციებმა გამრავლება ვერ შეძლეს. უკვე წლებია, მეცნიერები სწავლობენ მწერების საგანგაშო მაჩვენებლით შემცირებას.


ამიტომ, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ეკოლოგმა ხერარდო სებალიოსმა და სტენფორდის უნივერსიტეტის კონსერვაციის ბიოლოგმა პოლ ერლიხმა შეაფასეს სახეობათა გადაშენება ახ. წ. 1500 წლის შემდეგ და მიღებული მაჩვენებლები გასული 500 მილიონი წლისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ გასული 500 წლის განმავლობაში, ჩვენ, ადამიანებმა გამოვიწვიეთ ხერხემლიან ცხოველთა 73 გვარის გადაშენება.

გვარი ტაქსონომიური კლასიფიკაციაა, რომელიც სახეობის წინ დგას და ოჯახურ ხეზე აჯგუფებს ყველაზე ახლო ნათესავ ორგანიზმებს.


მიღებული მაჩვენებელი 35-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ცნობილი გვარის დონის გადაშენებები იყო.


ადამიანის გავლენის გარეშე, ამავე ოდენობის გვარების გადაშენებას 18 000 წელი დასჭირდებოდა. სხვა კვლევებმა გადაშენების ასეთივე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა მცენარეების, სოკოებისა და უხერხემლოების შემთხვევაშიც.


მეექვსე მასობრივი გადაშენება სწრაფ მუტაციებს იწვევს სიცოცხლის ხეზე, სადაც მთელი ტოტები (სახეობების, გვარების, ოჯახების კრებულები) და მათი ფუნქციები იკარგება“, — წერენ მკვლევრები.


ბიოსფერო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკიდურესად ურთიერთდაკავშირებულია და შესაბამისად, იმ სახეობათა ჯგუფების დაკარგვას, რომლებიც თავიანთ ურთიერთდაკავშირებულ სასიცოცხლო ქსელში განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ, შეიძლება მწვავე კასკადური შედეგები მოჰყვეს.

„ჩვენ და ყველა სხვა სახეობა ერთად განვვითარდით, სიცოცხლის ერთ სტაბილურ ხეზე. შესაბამისად, მთელი იმ ეკოლოგიური ფუნქციების დაკარგვა, რასაც სახეობათა ჯგუფები ასრულებენ, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზეც“, — ამბობენ კვლევის ავტორები.


მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში, კოღოების მჭამელი ბაყაყების დაკარგვას მალარიის ინფექციის ზრდა მოჰყვა.


ამას გარდა, როგორც სებალიოსმა და ერლიხმა გამოთვალეს, იზრდება გვარების გადაშენების მაჩვენებელი. თუ ამჟამინდელ ტრაექტორიას მივყვებით და ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფი ყველა გვარი 2100 წლისთვის გადაშენდება, 1800 წლიდან ამ წლამდე, ანუ 300 წლის განმავლობაში გადაშენებულ სახეობებს ნორმალურ პირობებში ამისათვის 106 ათასი წელი დასჭირდებოდათ.


როგორც წესი, ყველაზე მოწყვლადი სახეობები ყველაზე უნიკალურები არიან. მათთან ერთად ვკარგავთ ევოლუციის ისტორიის მილიონობით წელს, რაც შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს; იკარგება ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციებიც, რასაც ისინი ასრულებდნენ გარემომცველი ბიოლოგიური ციკლებისთვის შენარჩუნებაში.

„ევოლუციას მილიონობით წელიწადი სჭირდება, რათა გადაშენებულ ორგანიზმთა ფუნქციური ჩანაცვლება შეძლოს“, — აღნიშნავენ მკვლევრები.


ჯერ მხოლოდ კლიმატის ცვლილება იწვევს მთელი ამ სისტემების დესტაბილიზებას, ახდენს ეკოსისტემის ისეთი კრიტიკული სერვისების მოშლას, როგორიც არის დამტვერვა, ამცირებს სახეობათა ტიპებს და სხვებს შეჭრას უადვილებს.


ამჟამად მიმდინარე მეექვსე მასობრივი გადაშენება გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მასიური, კლასტერული კატასტროფები.


პლასტმასით, პესტიციდებით, საცხოვრებელი გარემოს დაკარგვითა თუ ბრაკონიერობით, ჩვენ გარშემო სიცოცხლეს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ.


„გადამწყვეტად საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძალისხმევა, თუ გვსურს, რომ ეს გადაშენებები და მათი გავლენა შეჩერდეს“, — წერენ მკვლევრები.



დინოზავრების მკვლელი ასტეროიდისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს ქმედებებს ვაცნობიერებთ და ამ კურსის შეცვლის შესაძლებლობაც გვაქვს.

„ის, რაც მომდევნო ორ ათწლეულში მოხდება, დიდი ალბათობით განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებისა და ჰომო საპიენსის მომავალს“, — ასკვნიან მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




1,366 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page