26/04/2021
თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.
– საუბარი იყო კოვიდწამალზეც, რას ამბობენ ამ მიმართულებით?
– ზღაპრები კარგია, როცა ძილის წინ შვილიშვილს მოუყვები. ვნახეთ პლაქველინიც და რემდესევირიც, ახლა თურმე 400 000 ლარით ფინანსდება რეინფიცირების კვლევა – საკმარისია ამდენი კორუფცია და არაპროფესიონალიზმი.
3000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ცოტაც და, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 000 იქნება. საქართველოს პატარა ქალაქებში სულ არ ცხოვრობს 4 000 ადამიანზე მეტი, წარმოიდგინეთ, მთელი ერთი პატარა ქალაქი ამოგვიხოცა ვირუსმა, ამოწყვიტა… მეტი რა გითხრათ? კიდევ ამბობს ზოგი, ტალღის არ მჯერა, ვირუსის არ მჯერაო. რა დაინტერესება მაქვს, აბა, რომ ვაფრთხილებ ხალხს?
ისიც კი თქვეს, ფხაკაძეს, ეტყობა, პირბადის ბიზნესი აქვსო, პირბადის ბიზნესი მაქვს და პირბადის ფასი დავაგდე? სად არის ლოგიკა? მაგრამ ყველას რაღაც ბიზნესი აქვს და ქურდს ყველა ქურდი ჰგონია, ალბათ.
– სად არის გამოსავალი?
– მოდი გავიხსნათ და მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ეს ვირუსი ასე წავა და მოვა, კარგა ხანს და რა ვქნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ? არა, მოდი, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, მოდი, ვთქვათ, რომ დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემაა მსოფლიოში, შეიძლება გადმოგვიგდონ ნამცეცები, მაგრამ იმოქმედებს კი იმ შტამზე, რომელიც უკვე ქვეყანაში იქნება გავრცელებული?
მსოფლიომ წარმოუდგენელი რაღაც შესძლო, 1 წელიწადში შევქმენით ვაქცინა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ვირუსმა გადაგვიჯოკრა… გარდა ამისა, ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, ის დოზა სად არის?
არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი? და მოსახლეობის 60 პროცენტი რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს რომ ვიცავთ, არც ამას ამბობს ვინმე. ვთქვი, რომ ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, ასრულდა, ვთქვი, რომ წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.
ამას ემატება რეინფიცირება. აქვე ვიტყვი, რომ თუ ვუჰანური შტამის მერე, იმუნიტეტი რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება. ყველაფერი მკვდარია ეკონომიკა, წარმოება, ტურიზმი. თუ გადარჩენა გვინდა, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, ვებრძოლოთ დისტანციით, პირბადით, ჰიგიენით, ვებრძოლოთ ყველამ ერთად.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios