14/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.
სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ გვქონდა მიდევნების საშუალება, სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აქედან გამომდინარე, მედიცინით დახმარებით რეპროდუქციის საკითხები და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი“, -აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მზარდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინის დახმარებას საჭიროებენ. შესაბამისად მნიშვნელოვანია დარგში არსებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ასევე ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. მისივე თქმით, განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.
„აღნიშნული დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული და ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა. მაგ: ბავშვების ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეიძლება ყოფილიყო სამწუხარო ფაქტები, არ მინდა ახლა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. დაურეგულირებელ ბაზარს თან ახლდა ბევრი მიუღებელი და არაეთიკური ფორმები. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი და ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, სფეროში კომერციული ინტერესები მაღალია.
„მნიშვნელოვანია, რაც ამ კანონით რეგულირდება - უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეეძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს ან მერე მშობიარობას და ამ ხარჯებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები.
გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხზე რეკლამის აკრძალვასაც.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდა მნიშვნელოვანია მოხდეს დროულად, რადგან ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გვექნება მათი აღსრულების ოპერატიული მექანიზმები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.
12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments