08.04.2020 ImediNews
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება
იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.
„ჩვენ შემოდგომაზე ვირუსს იმუნიტეტდაქვეითებული შევხვდებით. ახლა მეტნაკლებად ძლიერები ვიყავით. ახლა 2-3 თვე რომ ვსხედვართ სახლში და არ გვაქვს საშუალება ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იფეთქებს და გამწვავდება. ჩვენ მეორე ტალღას შევხვდებით დაქვეითებული იმუნიტეტითა და გამწვავებული ქრონიკული დაავადებებით, ამიტომაც ზაფხულში ძალიან დიდი მობილიზაციაა გასაკეთებელი ჯანდაცვის სისტემის. უნდა გადავდოთ ყველა გაუგებრობა გვერდზე, პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, რომ სრული მობილიზაციით შევამციროთ დარტყმა. დარტმა მაინც იქნება ძალიან ძლიერი და ჯობია ვიცოდეთ, რას ველოდებით, რადგან თუ სწორად ვიქნებით შეიარაღებული, უფრო კარგად მოვიგერიებთ ამ დარტყმას“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135841/gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveli-jandatsvis-sakitkhebshi-imedi-maqvs-zapkhuli-kargi-gveqneba-magram-dadgeba-oqtomberi-rodesats-gripis-sezonits-itskeba
Comments