09/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომართვიანობის სტატისტიკა მომატებულია. როგორია ამ ეტაპისთვის ვირუსის მიმდინარეობა და რა რეგულაციებია ვირუსის მართვის სფეროში, ამ თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.
- პირველ რიგში, პირადი დაკვირვების შედეგად ვამბობ, რომ კორონავირუსით მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით მომატებულია.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება მიმდინარეობას, ამ ეტაპზე ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს. ომიკრონს ძირითადად ზემო რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სიმპტომატიკა ახასიათებს. გამოხატულია, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, სახსრების, კუნთების ტკივილი და 2-3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. თუმცა, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება, 5-6 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ ომიკრონის დროს უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობაა გამოხატული. აღნიშნული გართულება, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან უფრო მეტად ვითარდება.
ამიტომ, თუ კორონავირუსის დროს ცხელება გაგიხანგრძლივდათ, ან სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ, ბავშვთა ასაკში გამოვლინდა ტუჩ-ცხვირის მიდამოს სილურჯე, ხშირი სუნთქვა, ძილიანობა, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშნებია, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და პაციენტის მდგომარეობა დროულად შევაფასოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ომიკრონის მართვისას სიმპტომურ მკურნალობას ვიყენებთ. კორონავირუსის დიაგნოსტირება კი ცხვირ ხახის ნაცხის ანტიგენის, ან პისიარ-ტესტის მიხედვით ხდება.
- კორონავირუსის დროს საიზოლაციო პერიოდად ისევ 5 დღეა მიჩნეული? რაიმე ხომ არ შეცლილა? - ჯერჯერობით, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებები არ არის და არც საჭიროებაა იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ისეთივე მიმდინარეობა და გადამდებლობა ახასიათებს, როგორც წინა შემთხვევებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments