top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა

Updated: Sep 12, 2023

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედისმომცემია.

თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.


ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.


კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.


„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, — ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.

ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე ცდა ჩატარდა ახალი პრეპარატითაც, რომელიც მალე შეიძლება FDA-მ დაამტკიცოს. როგორც ამ ცდებმა აჩვენა, პრეპარატი დაავადების პროგრესს თვეებით ანელებს.


ახალი პოტენციური ვაქცინა მიზანში იღებს ცილას, რომელიც დაბერებულ უჯრედებში ჩნდება — ასაკოვან უჯრედებში, რომლებიც აღარ იყოფიან, მათ აღარც ორგანიზმი წმენდს, ირგვლივ ტრიალებენ და იწვევენ ანთებას.


ერთ-ერთი ცილა, რომელსაც დაბერებული უჯრედები გამოხატავენ, არის SAGP, ანუ სიბერესთან დაკავშირებული გლიკოპროტეინი, რომელიც ვაქცინის სამიზნეა.


მკვლევრებმა ვაქცინა ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ შექმნეს, მათ შორის თაგვებში მე-2 ტიპის დიაბეტის.


თუმცა, სხვა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ SAGP ძლიერ არის გამოხატული (ექსპრესია) ნერვულ დამხმარე ქსოვილებში (გლიური უჯრედები) ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინა დატესტა გენური ინჟინერიით ისე დამუშავებულ თაგვებზე, რომლებსაც ამილოიდური დაფები უნდა განვითარებოდათ და გასჩენოდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომები.

2,5 თვის თაგვების ნაწილს პლაცებო გაუკეთეს, ნაწილს SAGP ვაქცინა.


ამის შემდეგ, ექვსი თვის ასაკში, მკვლევრებმა მათი ქცევა ლაბირინთის მსგავს მოწყობილობაში დატესტეს, შემდეგ კი მათი თავის ტვინი და სხეული შეისწავლეს.


ვაქცინირებულ თაგვებმა ქცევით ტესტებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. აღენიშნებოდათ უფრო მეტი ცნობიერება მიმდებარე გარემოსადმი და იქცეოდნენ ჯანმრთელი თაგვებივით.


ამას გარდა, მათ თავის ტვინში შემცირებული იყო ანთების რამდენიმე ბიომარკერი.


ვაქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.


საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, SAGP ცილები ძლიერ იყო გამოხატული თავის ტვინის სპეციალიზებული უჯრედების, მიკროგლიის სიახლოვეს. მიკროგლია ცენტრალური ნერვული სისტემის თავდაცვის მთავარი ნაწილია.


თუმცა, მიკროგლიას ანთების გამოწვევაც შეუძლია და უკვე არსებობს ეჭვი, რომ ის ალცჰაიმერში გარკვეულ როლს ასრულებს.

ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ მიკროგლიის მიზანში ამოღება შეიძლება ამ დაავადების მკურნალობის გზა იყოს.

„გააქტიურებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროგლიის ამოღებით, შეიძლება ასევე გაკონტროლდეს ანთება თავის ტვინში. ვაქცინამ შეიძლება მიზანში ამოიღოს მიკროგლია და მოაშოროს ეს ტოქსიკური უჯრედები, რითაც საბოლოოდ გასწორდება ის დეფიციტი ქცევაში, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს გვხვდება“, — ამბობს ჰსიაო.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის ვაქცინის შექმნის მცდელობა აქამდეც ყოფილა; ამას გარდა, არის სხვა პოტენციური ვაქცინებიც, რომლებიც ამჟამად ადამიანებზე იტესტება. ასეთ ექსპერიმენტულ ვაქცინებს ადამიანებზე ცდების დასაწყებად ძალიან დიდი გზის გავლა ესაჭიროება.


თუმცა, იმედისმომცემია, რომ ვაქცინა ქცევის გაუმჯობესებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და აშკარად აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.

„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.

მომზადებულია newsroom.heart.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




224 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page