top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

25 მარტი, 2021

  • მწარმოებელი: Pfizer-BioNTech (აშშ/გერმანია)

  • დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ

  • ვაქცინის ტექნოლოგია: მ-რნმ (ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ)

  • ეფექტიანობა: 95% Covid-19-ის თავდაპირველ შტამზე (სამხრეთაფრიკულ და ბრიტანულ შტამებზე კვლევა არ არის ჯერ ცნობილი)

  • მესამე ფაზის მონაწილეთა რაოდენობა: 43 000 (მოზრდილები >18, და ბავშვები 12-18 წ.)

  • შეთანხმებები მიწოდებაზე: აშშ (100 მლნ დოზა, დამატებით 500 მლნ); ევროკავშირი (200 მლნ დოზა), იაპონია (120 მლნ), COVAX

  • სრული მოცულობა: 1,3 მლრდ დოზა

  • სავარაუდო ფასი: 20 $

  • მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მესენჯერ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავება, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგ გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

  • დოზირება: კეთდება 0.3 მლ – 2 დოზა (დოზებს შორის შუალედი 21 დღე)

  • შენახვის პირობები: -70◦C (6 თვე); 2-8◦C (5 დღე)

  • რეკომენდაცია: ვაქცინა რეკომენდებულია 16 წლის, ან მეტი ასაკის ადამიანებისთვის. ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე, ფეხმძიმე ქალებისთვის.

  • შემადგენლობა:

ინფორმაციული რნმ; ლიპიდები ((4-hydroxybutyl) azanediyl) bi s(hexane-6,1-diyl) bis (2-hexyldecanoate) 2 [(polyethylene glycol)-2000]-N, N-ditetradecylacetamide, 1,2-Distearoyl-sn-glycero-3- phosphocholine, cholesterol); კალიუმის ქლორიდი; მონობაზისური კალიუმის ფოსფატი; ნატრიუმის ქლორიდი; დიბაზისური ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი; საქაროზა

რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ Pfizer-ის ვაქცინით:

თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია – მაშინაც კი, თუ ის არ იყო მწვავე – mRNA COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე (მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლი);

თუ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გქონდათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია – მაშინაც კი, თუ ის არ იყო მწვავე, მეორე დოზა არ უნდა მიიღოთ;

ალერგიული რეაქცია მწვავედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანს სჭირდება ეპინეფრინით ან EpiPen©-ით მკურნალობა, ან თუ მას დასჭირდა საავადმყოფოსთვის მიმართვა;

დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია ნიშნავს რეაქციას ვაქცინაციიდან 4 საათში, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორებიცაა: ჭინჭრის ციება, შეშუპება ან ხიხინი (სუნთქვის გართულება).

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს Pfizer-ის ვაქცინით აცრისას:

Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ტკივილი აცრის ადგილზე, სიწითლე და შეშუპება; ასევე: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

ეს გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს ვაქცინის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები შეიძლება გავლენას ახდენდეს ყოველდღიური საქმიანობის უნარზე, მაგრამ ისინი რამდენიმე დღეში უნდა ალაგდეს. კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და თავის ტკივილი უფრო ხშირი იყო ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, გვერდითი მოვლენები ხშირი იყო, თუმცა ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდა.

მწარმოებლის ინფორმაციით, ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.

***

ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები ნუკლეინის მჟავების შემცველ ვაქცინებს მიეკუთვნება, კერძოდ, ისინი რნმ ვაქცინებია, რომელშიც ვირუსის ანტიგენის წარმოქმნის ინსტრუქციაა კოდირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში, ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, არა დასუსტებული ვირუსის ან მისი უჯრედის, არამედ ინფორმაციული რნმ-ს შეყვანა ხდება, ზემოთ ჩამოთვლილი ლიპიდები ინფორმაციულ რნმ-ს ცხიმოვან გარსში ათავსებს და ეხმარება, რომ უჯრედებში შეაღწიოს. ინფორმაციული რნმ უჯრედის ბირთვში არ შედის და როგორც კი ინფორმაციის გადაცემას დაასრულებს, ნადგურდება. რნმ ვაქცინები ჩვენს უჯრედებს ასწავლიან, როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“ ან ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს.

მწარმოებლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს.

საქართველოში 15 მარტიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

საქართველო „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინის დოზებს ელოდება. ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განცხადებით, ინექციის 29 200 დოზა 24 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა.

„ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება, ექვს კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია. ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში შეირჩა, ოთხი კლინიკა თბილისში. “ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ​Pfizer-ის ერთი ფლაკონით მხოლოდ 6 ადამიანის აცრა არის შესაძლებელი.

მსოფლიოში ფაიზერის ვაქცინით პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი აცრილია ისრაელში. თუმცა ვაქცინაციის შედეგები ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ ცნობილი არ არის.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





27 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page