25/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG მოდელის დანერგვით მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.
საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, რომელიც წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
საუბარი შეეხო ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა და მისი მიზანი ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირების გზით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ უკვე განხორციელებული პროექტების შედეგად საქართველო ორი წლით უსწრებს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სამიზნეებს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჰმედ ლევენტ იენერი ესწრებოდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Commentaires