top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

COVID-ვაქცინა Pfizer-ისგან - იმედი თუ სატყუარა?

10, 11, 2020 რადიო თავისუფლება

მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა, 9 ნოემბერს, ერთმანეთის მიყოლებით, ელვისებურად გაავრცელეს ცნობა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის კლინიკური კვლევის წინასწარი მონაცემების საიმედო შედეგების შესახებ.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა თუ სააგენტო, მათ შორის „ბიბისი“, „ეკონომისტი“, „ნიუ იორკ ტაიმსი“, „როიტერსი“, კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით წერენ, რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა კვლევაში ჩართულ იმ მოხალისეებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ახალი კორონავირუსი. კომპანიის მტკიცებით, ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია და შესაძლოა, რომ ის უსაფრთხოდ ჩაითვალოს. Pfizer-ი უკვე გეგმავს, რომ ვაქცინის დამტკიცების მიზნით, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ნოემბრის ბოლოს მიმართოს. მარეგულირებელი კომპანიების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კომპანია აპირებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, 50 მილიონი დოზა, ხოლო 2021 წელს - 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინა აწარმოოს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა ორ ეტაპად, სამკვირიანი ინტერვალით კეთდება. ანუ, თუკი დამტკიცდება, 2021 წელს, მსოფლიოს მხოლოდ 700 მილიონი ადამიანისთვის ექნება ვაქცინა. კომპანიამ ინფორმაცია ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ პრესრელიზის სახით გამოაქვეყნა და ეს მონაცემები არცერთ რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში არ დაბეჭდილა. როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ამ ეტაპზე, ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არის საკმარისად დეტალური და არ არის გამორიცხული, რომ კვლევის მსვლელობის პროცესში, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეიცვალოს. Pfizer-მა კვლევის მესამე ეტაპზე, რომელშიც 43 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, 27 ივლისს გადაინაცვლა. გამოკვლევაში აშშ-ის, არგენტინის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები მონაწილეობენ. სექტემბერში, ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიას 500 მილიონი დოზა ვაქცინის დასამზადებლად 1,9 მილიარდი დოლარი გამოუყო. 120 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა Pfizer-ს იაპონიამ. 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეკვეთას გეგმავს ევროკავშირი. 9 ნოემბერს, კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ „ეს დიდი დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის“. Pfizer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მიესალმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: „დღევანდელი შესანიშნავი ამბავი მომავალ წელს ვითარების შეცვლის შესაძლებლობას გვპირდება, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი დღევანდელი ამოცანები უცვლელია“. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ Pfizer-ის განცხადება „იმედის მომცემია“. ამ ცნობების ფონზე, კომპანია Pfizer-ის აქციების ფასებმა საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვნად მოიმატა. "ნაადრევი სიხარული"? სკეპტიკურად უყურებს Pfizer-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზს გიორგი ფხაკაძე, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის წევრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი. მეტიც, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ კომპანიამ მედიას ე.წ. უტკა გადაუგდო და ამით, თავისი აქციების ფასი 5,5%-ით, ანუ, ათეულობით მილიარდი დოლარით გაზარდა: „ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოიყენა მისი აქციების ფასის გასაზრდელად, რაც უკვე დაფიქსირდა კიდეც საფონდო ბირჟებზე და მათი აქციების ფასი 82 მილიარდი დოლარით გაიზარდა“. „ნაადრევი სიხარული“, - ასე აფასებს ის Pfizer-ისა და მსოფლიო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში COVID-ის საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინის შექმნის თაობაზე: „ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისთვის, ეს ინფორმაცია არის ძალიან საინტერესო მეცნიერული კუთხით, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ეს ინფორმაცია ჩვენთვის არაფრის მომცემია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ფუჭი იმედების გავრცელება საჭირო არ არის და, რაც მთავარია, არასწორია, რადგან შესაძლოა, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვიოს საზოგადოების ყურადღების მოდუნება, რომ აი, მალე ვაქცინა გვექნება და ის აუცილებელი წესები, რასაც პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება ჰქვია, სრულად იყოს უგულებელყოფილი. გავითვალისწინოთ, რომ ამ ვაქცინის შესახებ, ჯერჯერობით, არცერთ დამოუკიდებელ ექსპერტს საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვამს. ვაქცინის ეფექტურობა უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც არ არიან დაფინანსებული ფარმაკომპანიების მიერ და იტყვიან იმას, რაც სინამდვილეშია და არა იმას, რასაც მათ ეს კომპანიები დაუკვეთენ. ტექნიკური ინფორმაცია, რასაც დღეს კომპანია გვაწვდის, ძალიან ზედაპირულია, არის ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელი. ეს არის კლასიკური „უტკა“. გიორგი ფხაკაძის თქმით, თუკი Pfizer-ის საბოლოო გამოკვლევა მართლაც აჩვენებს ვაქცინის პოზიტიურ შედეგს, ვაქცინა საქართველომდე მინიმუმ 2022 წლამდე ვერ ჩამოაღწევს: „ამ ვაქცინის შესანახად -80 გრადუსი გვჭირდება. ვაქცინის დამტკიცება ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორსაც შემდეგ უკვე მისი გავრცელება. მსოფლიოში უამრავი ვაქცინა არსებობს, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, რადგან ვაქცინის მიწოდების, ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მოუხერხებელია. ამ ტიპის ვაქცინების ტრანსპორტირება ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარდა გამოკვლევა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ ტიპის ვაქცინების ეფექტურობა გრძელდება მხოლოდ 5 თვეს. ამიტომ ასეთი აჟიტირება ნაადრევია და ფუჭი იმედების მომცემი“. გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნამდე და საქართველოში შემოსვლამდე, დიდი ალბათობით, ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიქმნება, რომელიც მძიმე პაციენტების რიცხვს შეამცირებს. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ვირუსმა ძირეული მუტაცია განიცადოს და როგორც სხვა ვირუსები, მათ შორის, სარსი და მერსი დამარცხდა ვაქცინის გარეშე, ისეთი დასასრული ჰპოვოს COVID-19-მაც: „ჩვენ რომ თავიდანვე გვქონოდა გლობალური თანხმობა, რომ, მაგალითად, მთელი მსოფლიო, ერთდროულად, 40 დღის განმავლობაში ჩაკეტილიყო, დღეს ვირუსი აღარ იქნებოდა, მაგრამ ვერ ჩავიკეტეთ. დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში, კოვიდი მიიღებს სეზონური ვირუსის ხასიათს. ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ ვირუსი აღარ არის ისეთი მკვლელი, როგორიც ადრე და შესაძლოა, ის ვაქცინის გარეშე გაქრეს“. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 170-მდე კანდიდატი ვაქცინა გადის სამეცნიერო ცდებს. მათ შორის, 130-135 ვაქცინა პრეკლინიკური კვლევების ფაზაშია. კვლევების პირველ ფაზას გადის 14 ვაქცინა, მეორე ფაზაზე გადასულია 8 ვაქცინა. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში Pfizer-თან ერთად ასევე დაწინაურებულია ორი კანდიდატი ვაქცინა - ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი „ასტრაზენეკა“ და ავსტრალიაში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ძველი, თითქმის 100 წლის წინანდელი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ-ს ვაქცინის რემოდიფიცირება გადაწყვიტეს. „ასტრაზენეკას“ განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას. აშშ-ის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ გამოკვლევების გასაფართოებლად, 1,2 მილიარდი დოლარი გადასცა. რაც შეეხება ავსტრალიურ ვაქცინას, მკვლევრებმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს. ორივე ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის და მასში ათასობით ადამიანია ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დასრულებას მინიმუმ 9 თვე სჭირდება, რასაც კვლევაში ჩართული ადამიანების ანალიზი უნდა მოჰყვეს, ჯერჯერობით არ არსებობს კითხვაზე პასუხი, რამდენად შედეგიანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები გრძელვადიან პერსპექტივაში. თუკი საერთაშორისო სტანდარტებს დავეყრდნობით, აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს სტანდარტის მიხედვით, იმისათვის, რომ ვაქცინა დამტკიცდეს, მას მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა უნდა ჰქონდეს. გაცილებით მაღალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის თანახმადაც ვაქცინამ 70-80%-იანი ეფექტურობა უნდა აჩვენოს. რაც შეეხება ეფექტური ვაქცინის შექმნის ვადებს, ის 2-დან 5 წლამდე მერყეობს. მისი შექმნის ალბათობა, მხოლოდ და მხოლოდ, 6%-ია. ნახეთ ვაქცინის ტესტირების ეტაპების შესახებ ვიდეო რადიო თავისუფლების არქივიდან ⬇️


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30940864.html

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page