top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით გაიზარდა - კვლევა

21/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

გასული 30 წლის განმავლობაში, 50 წელს ქვემოთ კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი საგანგაშოდ, 79,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ამ დაავადებით 27,7 პროცენტით მეტ სიკვდილიანობას ნიშნავს.


ახალი მოხსენება, რომელშიც პროგრამა „დაავადებათა გლობალური ტვირთის“ 2019 წლის კვლევის მონაცემები გამოიყენეს, აჩვენებს, რომ 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევები 1990 წელს 1,82 მილიონი იყო, 2019 წელს კი 3,26 მილიონი.


204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ეჭვქვეშ აყენებს საერთო წარმოდგენას კიბოს იმ ტიპის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. კვლევას ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.


მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს ადრეული დიაგნოზისა და მიზანმიმართული მკურნალობის მნიშვნელობას; ასევე იმას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ პრევენციული ცხოვრების წესს, მათ შორის ჯანსაღ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას და ფიზიკურ აქტივობას.


მოსალოდნელია, რომ ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევები (50 წელს ქვემოთ ასაკში) 2030 წლისთვის მსოფლიოში 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. რისკი ყველაზე დიდია 40-დან 49 წლამდე პირებში.


2019 წელს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა; ამავე დროს, 1990 წლიდან ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებდა სასუნთქი მილის (ტრაქეა) და პროსტატის კიბოები. მეორე მხრივ, დაკლებულია ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი.


ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ დაფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ზოგიერთი ტენდენციის პოტენციურ ახსნას გვთავაზობს.


„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, შემთხვევათა დიდი რაოდენობის მიზეზი B ჰეპატიტის ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, დიდი რიცხვების მიზეზია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა“, — ვარაუდობს ექსპერტი კვლევის შეფასებისას.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კიბოში გენები ასრულებს როლს, ზოგჯერ მისგანაც კი გვიცავს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია მრავალი პრევენციული ფაქტორი.


„კვებითი რისკფაქტორები (რაციონში ბევრი წითელი ხორცი, ცოტა ხილი, ბევრი ნატრიუმი, ცოტა რძე და ა. შ.), ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორებია“, — წერენ მკვლევრები.

მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ დამნაშავეებს შორის ასევე არის არააქტიური ცხოვრების წესი, ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.


1990-იანი წლების შემდეგ 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ კვლევების უმეტესობა რეგიონულ განსხვავებებზე იყო ფოკუსირებული.


არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული იმ ფაქტორთა განსასაზღვრად, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში სერიოზულ კიბოებთან, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში კიბოს გავრცელებასთან.


„ამ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია მონაცემების გლობალურობა. წარმოჩენილია რეგიონებს შორის სხვადასხვაობები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის საჭიროებაზე“, — ამბობს ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ეშლი ჰამილტონი.


ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში; სხვადასხვანაირი მაჩვენებლები იყო დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში — მათ შორის კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ოკეანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ ქვეყნებში არაპროპორციულად მაღალი იყო სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით დაზარალებულებს შორის კი ქალები იყვნენ.


კვლევას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მონაცემთა ხარისხი ქვეყნების მიხედვით იცვლება, არის არასწორ მოხსენებათა შესაძლებლობა, მკაფიო არ არის სკრინინგისა და ადრეულ ასაკში გარემოებითი ფაქტორების ეფექტები.


მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები გავითვალისწინოთ მზარდი მოსახლეობის ფართო კონტექსტშიც, როგორც ამას ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგი დოროთი ბენეთი განმარტავს.


„ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილიანობის ზრდა საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე დიაგნოზი, კერძოდ, 28 პროცენტი, რაც ნაკლებია მთლიანი მოსახლეობის ზრდისა და შემთხვევათა რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილის საშუალო მაჩვენებლის ვარდნაზე“, — ამბობს ბენეთი.


მრავალწლიანი კვლევების მიუხედავად, კიბო ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს კლავს; შესაბამისად, პრევენცია გადამწყვეტია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კვლევებში ინვესტირება, საზოგადოებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განათლება გადამწყვეტია ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





37 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page