27, 10, 2020 რადიო თავისუფლება
დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში 45 წლის ექიმი გარდაიცვალა, იგი ბაღდათის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო. კოვიდის შემთხვევის დადასტურების შემდეგ ექიმები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 1 ქალაქი და 22 სოფელი, ამ მომენტისთვის სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.
სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების გამო მანამდე ანალოგიური პრობლემა იყო ახალქალაქშიც, სადაც დამხმარე ექიმები ასპინძიდან და ნინოწმინდიდან ჩაენაცვლნენ ინფიცირებულ კოლეგებს. 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1678 მედიკოსია კორონავირუსით ინფიცირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,2%-ია. უცნობია, რამდენ პროცენტს შეადგენს გარდაცვალების საერთო რიცხვში კოვიდთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი. სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვა კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში. რატომ აქვს საქართველოს ინფიცირებული მედიკოსების მაღალი მაჩვენებელი და შექმნის თუ არა ეს ისეთ კრიზისს სამედიცინო მომსახურებაში, რომლის დროსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება გაჭირდება? ამ კითხვას ოფიციალური პირები მკაფიო პასუხს არ სცემენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექიმები და ექთნები ყველაზე მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან და რომ რაც უფრო მეტია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, მით მეტია შანსი, ისინი არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ საყოფაცხოვრებო, საოჯახო ვითარებაშიც დაინფიცირდნენ. ექიმები, ექთნები, მედდები და სანიტრების უმეტესობა, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს. კლინიკების ხელმძღვანელები კი ამბობენ, რომ თავდაცვის ყველა საშუალება საკმარისი რაოდენობით აქვთ და პერსონალმაც იცის და იყენებს კოვიდპაციენტებთან უსაფრთხო კომუნიკაციისა და მკურნალობის წესებს. ექიმების ის მცირე ნაწილი კი, დადასტურებული კოვიდდიაგნოზით, ვინც მედიასთან ღიად საუბრობს, ამბობს, რომ გადატვირთული სისტემის და არანორმირებული სამუშაო საათების რეჟიმში, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ფაქტობრივად შეუძლებელია თავის სრულყოფილად დაცვა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ჯუმბერ ბოლქვაძე იმ ექიმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობდა კოვიდპაციენტებთან. მეათეა დღეა, რაც თვითონაც კოლეგების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში წევს, როგორც ერთ-ერთი ინფიცირებული. „იყო უმძიმესი პაციენტები, სიცოცხლესთან საშიში მდგომარეობა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა მათი დახმარება, რამდენიმე პერსონალი ასეთ ვითარებაში დაინფიცირდა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გარეთ დაინფიცირდნენ საავადმყოფოს თანამშრომლები, მოვიდნენ კლინიკაში და შემოიტანეს ვირუსი. ისეთი მდგომარეობაა, ალბათ ყველა დაინფიცირდება, ექიმებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯუმბერ ბოლქვაძემ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კლინიკა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ასობით კოვიდინფიცირებული მკურნალობდა - აქ მომუშავე ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა რამდენიმე ათეულია. ასევე ნახეთჯანდაცვის მინისტრის თქმით, საწოლფონდზე მეტად გასათვალისწინებელია ექიმების რაოდენობა ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სადაც სასწრაფოს ერთი ექიმი კოვიდინფექციით დაიღუპა, დანარჩენი კი თვითიზოლაციაშია, ამ ეტაპზე სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი. მსგავსი შემთხვევა იყო ერთი კვირის წინ ახალქალაქშიც. სასწრაფო დახმარების 13 ექიმის ინფიცირების გამო ახალქალაქში ექიმების დახმარების ბრიგადა ნინოწმინდიდან და ასპინძიდან ჩაიყვანეს. ახალქალაქში ინფიცირებულთაგან ერთი, 67 წლის სასწრაფოს ექიმი, 26 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ნანა გეგეჭკორი, ქართველი ექიმი ნიუ-იორკიდან, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეუძლებელია ყველა იმ სცენარის გათვლა, როცა შეიძლება ექიმი დაინფიცირდეს და, შესაბამისად, არც სრული დაცვა არსებობს. ნანა ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თავადაც დაინფიცირდა კლინიკაში და ამბობს, რომ რაც უფრო გადატვირთულია სისტემა, მით მეტია ექიმის ინფიცირების რისკი, ყველაზე კარგი დაცვა კი ისაა, როცა ყველა პაციენტს, მიუხედავად ტესტის პასუხისა, ისე დახვდე, როგორც დადასტურებულ კოვიდპაციენტს - სრული აღჭურვილობით და სიფრთხილით. ასევე ნახეთინფიცირებულების დიდ ნაწილს არ სჭირდება ჰოსპიტალიზება - ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან „რომც დაიცვა ინფექციის კონტროლის ყველა წესი, ინფიცირების გარკვეული პროცენტი მაინც იქნება. სანამ ამ დიდ ზრდაში შევიდოდით, გვქონდა 13% ინფიცირების მაჩვენებელი. ექიმი არა, სამედიცინო პერსონალზე ვსაუბრობ - ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი”, - განმარტა 26 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელმაც დღეს ინფიცირებული ექიმების ზუსტი რაოდენობა დაასახელა - 1678. მხოლოდ დღეს, ახალი შემთხვევებიდან 90 ექიმი, ექთანი ან მედდაა. რამდენიმე დღის წინ 24 საათში 131 სამედიცინო მუშაკი იყო კოვიდდადებითი. კლინიკა „ბომონდი“ ქუთაისში, სადაც ჯამში 12 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული, ამ დროისთვის 109 კოვიდპაციენტს მკურნალობს. კლინიკის დირექტორი გვიხსნის, რომ ექიმების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი დიდი არ არის და ინფიცირებულთა უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მკურნალობა 12-დან საავადმყოფოს მხოლოდ 5 თანამშრომელს დასჭირდა, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქად შეფასდა და, შესაბამისად, სახლებსა და კოვიდსასტუმროებში გადანაწილდნენ. „2 მედდა გვრჩება ახლაც მსუბუქი სიმპტომებით, არიან შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან სამუშაოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მედპერსონალს და არამარტო ჩვენსას, გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანებმა, რომლებიც კოვიდდადასტურებულები იყვნენ, გამოთქვეს სურვილი, გაეგრძელებინათ თავიანთი სამუშაოს შესრულება. რამდენიმე მათგანი იყო მსუბუქი და უსიმპტომო და შეეცადნენ, არ შეეწყვიტათ მუშაობა - ამის საჭიროება ჩვენ არ გვქონდა, თუმცა ასეთი ინიციატივა პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს და ამას ყველგან აღვნიშნავ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის ხელმძღვანელმა, მამია ყიფიანმა. ასევე ნახეთექიმებს კორონავირუსზე ყოველ 72 საათში დატესტავენ ექიმებიდან არიან ისეთებიც, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ინფიცირების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელების და ვირუსის გავრცელების რისკებს - მაგალითად, სასწრაფოს ექიმები 20 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან წუხდნენ იმის გამო, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მხოლოდ კოვიდინფიცირებული ექიმის ეკიპაჟის წევრები გადაჰყავთ, ხოლო ისინი, ვინც მათთან ერთად ერთ სივრცეში ცვლაში მორიგეობენ, მუშაობას აგრძელებენ. ოფიციალური პირები ექიმების ინფიცირების თემაზე საუბრისას, როგორც წესი, აღნიშნავენ იმასაც, რომ ვირუსის გავრცელების წყარო ყოველთვის მათი სამსახური არ არის და ახალი შემთხვვების ზრდასთან ერთად იმატებს საყოფაცხოვრებო შემთხვევებში ინფიცირების შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრატორის ინფიცირების ისტორია, რომლის 12 წლის შვილმაც ვირუსი ოჯახში სკოლიდან მიიტანა. კლინიკა მუშაობას აგრძელებს, ოჯახი იზოლაციაშია. გიორგი ფხაკაძე, პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, თვლის, რომ ასეთი შემთხვევებისთვის გამოსავალი სისტემის და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩაკეტვაა და თუკი ევროპულ ქვეყნებში ჩაკეტვა ძირითადად დიდ ქალაქებში ხდებოდა, საქართველომ ეს მოდელი უნდა შეატრიალოს და ისეთი დასახლებები ჩაკეტოს, სადაც სულ რამდენიმე სამედიცინო მუშაკი და ცოტა მოსახლეა. ის მიიჩნევს, რომ მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ნოემბერსა და დეკემბერში ელოდება, როცა კოვიდის გარდა სხვა პაციენტების მიღების რესურსი და ადგილი აღარ დარჩება. გიორგი ფხაკაძე, რომელიც შიგნიდან იცნობს ქართული ჯანდაცვის სისტემას თავისი სისუსტეებით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი დღეს მოქმედი მედიკოკების ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე ეფექტიანად შეუძლია პაციენტების მართვა და ყველაზე ახლო კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულებთან - ქართული სამედიცინო სისტემის გაუმართაობის გამო ამ სისტემაში არასაკმარისი რაოდენობით ექთმები გვყავს, რომელთა საშუალო ასაკი რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით - 65 წელი იყო. დღეს ეს ასაკი უფრო გაზრდილია - შესაბამისად, კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე ქვეყანას რისკჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალი ჰყავს, რომელთა ანაზღაურება და გადამზადება რიგ შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებს. გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არც საკმარისი რაოდენობის და ხარისხის აღჭურვა აქვს და არც ის მომზადებაა საკმარისი, რომლითაც ექიმები ვირუსთან საბრძოლველად დაატრენინგეს. „უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა ჩაერთოს ეპიდემიასთან ბრძოლაში - არ შეიძლება, კლინიკები, რომლებიც ცხელების ცენტრი არ არის, უკან აბრუნებდნენ პაციენტებს სხვა კლინიკებში ტესტის გასაკეთებლად - ეს არის პაციენტების უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული. საავადმყოფოში ადამიანი იმიტომ მიდის, რომ დახმარება სჭირდება და იქ უნდა დახვდეს ტესტიც და მკურნალობაც. მაგრამ მიდგომა უნდა იყოს კლინიკების მხრიდან ისეთი, რომ ყველა პაციენტს ისე მიუდგეს, როგორც კოვიდპაციენტს - დაიტესტოს და უსაფრთხოების ნორმები დაიცვან”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების პირველი ფაქტი აჭარაში, 30 მარტს დაფიქსირდა. კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა დაინფიცირდა. მას კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. მაისის დასაწყიში ქვეყანაში დაახლოებით 70 სამედიცინო პერსონალი იყო ინციფირებული.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30915911.html
Comments