22/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა.
„დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა. ხოლო ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება, - ასე უპასუხა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ კითხვას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ თემაზე ყურადღების გამახვილება და ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას. მინისტრმა კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა.
„როდესაც კოვიდპანდემია იყო ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, იყო სხვადასხვა განსაკუთრებული რეჟიმი და ამ რეჟიმების მიხედვით მიდიოდა ჩვენი ცხოვრებაც. გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, მაშინვე აღვნიშნე, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდებოდა და გადაიქცეოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. დიახ, დღეს ნამდვილად ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ასეთი აღარც უნდა მახვილდებოდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.
„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხვდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments