top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

აშშ-ში დაამტკიცეს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ვაქცინა, რომელიც ჩვილებს დედის მუცელში დაიცავს

28/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

აშშ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ორსული ქალებისთვის დაამტკიცა ვაქცინა, რომელიც მათ ჩვილებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით (RSV) გამოწვეული მწვავე დაავადების პრევენციას ახდენს.


Pfizer-ის ვაქცინამ, რომელიც უკვე დამტკიცებულია ზრდასრულებისთვის, ახლა მწვანე შუქი მიიღო ერთჯერადი ინიექციის სახით 32-36 კვირის ორსულებში გამოყენებისთვის, რათა ბავშვები დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაიცვას.


ამ საკმაოდ გავრცელებული მიკრობის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მრავალი მედიკამენტი დაამტკიცეს. ამ ვირუსის გამო, მხოლოდ აშშ-ში წელიწადში ათობით ათასი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში.


რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინაზე მუშაობა მეცნიერებმა 1960-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ წინსვლა მხოლოდ ათი წლის წინ მომხდარი სამეცნიერო გარღვევის წყალობით გახდა შესაძლებელი.


„RSV ბავშვებში ავადმყოფობის გამომწვევი საკმაოდ გავრცელებული მიზეზია; განსაკუთრებით მწვავე დაავადების რისკის ქვეშ არიან ჩვილები, რომლებიც შეიძლება საავადმყოფოშიც მოხვდნენ. ვაქცინა ორსული ქალებისთვის მნიშვნელოვანი ვარიანტია სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ამ დაავადებისგან დასაცავად“, — ამბობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი პიტერ მარკსი.


კლინიკურ ცდებში 7000 ორსული მონაწილეობდა, რომელმაც აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინამ, სახელად Abrysvo-მ RSV-ით გამოწვეული მწვავე დაავადება 82 პროცენტით შეამცირა 0-დან 3 თვემდე ჩვილებში და 69 პროცენტით 0-დან 6 თვემდე ჩვილებში.


ვაქცინა Abrysvo აქამდე FDA-ს დამტკიცებული ჰქონდა 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის; ასევე დამტკიცებულია კომპანია GSK-ის მიერ წარმოებული ვაქცინა, სახელად Arexvy.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და პატარა ბავშვებში RSV უმეტეს შემთხვევაში მსუბუქ, გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადებები, მაგალითად, პნევმონია და ბრონქიოლიტი.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, RSV ინფექციის გამო, აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 58 000-80 000 ხუთ წლამდე ბავშვი ხვდება საავადმყოფოში; შედეგად, ის ჩვილებში ჰოსპიტალიზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.


ორსულებში, რომლებსაც Abrysvo გაუკეთეს, გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ნანემსარი ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გულისრევა.


აცრილ ორსულთა 1,8 პროცენტში დაფიქსირდა სისხლის წნევის აშლილობა, სახელად პრეეკლამფსია. მათში, ვინც პლაცებო მიიღო, ეს მაჩვენებელი 1,4 პროცენტი იყო.


FDA ასევე იუწყება ნაადრევ მშობიარობაში დისბალანსს ვაქცინა და პლაცებომიღებულ ჯგუფებს შორის (5,7 პროცენტი VS 4,7 პროცენტი), მაგრამ აღნიშნავს, რომ ნიმუშის ზომა მცირე იყო და ეს თემა შემდეგში შესწავლის საგანია.


წლის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა მარეგულირებლებმა დაამტკიცეს ანტისხეულების მედიკამენტი, სახელად Beyfortus-ი, რომელიც Sanofi-მ და AstraZeneca-მ შექმნეს; ეს გახლავთ პრევენციული სამკურნალო საშუალება, რომელიც ჩვილებისა და პატარა ბავშვების დასაცავად ვაქცინის მსგავსად მოქმედებს.


მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page